გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცლებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში, მთელ პერიმეტრზე შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.
"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 9 სადგურზე ყოველთვიურად აწარმოებს, რითაც ისაზღვრება ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, წყალში გახსნილი ჟანგბადისა და ბიოგენური ელემენტების შემცველობა. ხორციელდება მძიმე მეტალებისა და ორგანული დამაბინძურებლების კვლევა ზედაპირულ და ფსკერისპირა ფენაში.
ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტო აუმჯობესებს მონიტორინგის სისტემებს. ამ ეტაპზე, უკვე შეძენილია თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიული ხელსაწყოები, რომელთა საშუალებითაც მაღალი სიზუსტით განისაზღვრება სპეციფიური დამაბინძურებლები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია"- აცხადებენ სააგენტოში.
შავი ზღვის დაბინძურების საკითხი აქტუალური კახოვკის ჰესის დაბომბვის შემდეგ გახდა.
6 ივნისს, რუსულმა ძალებმა ხერსონში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, რის შემდეგაც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
კაშხლის აფეთქებამ წყალდიდობა გამოიწვია.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჰეს-ის განადგურების შედეგად წყალდიდობას, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა, 31 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. რაც შეეხება რუსულ მხარეს, ოფიციალური მოსკოვი წყალდიდობის შედეგად 29 გარდაცვლილი ადამიანის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
9 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჰესის აფეთქება გლობალური პრობლემაა, დაბინძურებული წყალი შავ ზღვაში ჩაედინება.